დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ქალაქ ნოტინჰემში სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 31 წლის კაცი დააკავეს. დილის 4 საათზე პოლიცია გამოძახებით მივიდა ილკესტონ-როუდზე, სადაც ორი გარდაცვლილი იპოვა ქუჩაში.
პოლიციაში მეორე ზარი მილტონ-სთრითიდან შევიდა, სადაც ფურგონი სამ ადამიანს დაეჯახა. სამივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციამ მეზობელ ქუჩაზე კიდევ ერთი მოკლული კაცის ცხედარი იპოვა. პოლიცია ამ სამ ინციდენტს ერთმანეთს უკავშირებს და აცხადებს, რომ გამომძიებელთა ჯგუფი ცდილობს დაადგინოს მომხდარის მიზეზი.
ქალაქში გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა, სადაც საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს, ასევე გაჩერებულია ტრამვაის მოძრაობა.