ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მარტამდე შესაძლოა 2 მილიონს გადააჭარბოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს. ჯანმო-ს შეფასებით, ევროპა ჯერ კიდევ პანდემიის „ძლიერ მარწუხებში“ იმყოფება. დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 4 ათას 200-მდე გაიზარდა, რაც სექტემბრის ბოლოს მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია. რეგიონის 53 ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ მილიონ ნახევარს გადააჭარბა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში გაზაფხულამდე, შესაძლოა, 2 მილიონს 200 ათასს მიაღწიოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრებისთვის საჭიროა ვაქცინაცია და რევაქცინაცია.