ბათუმელი ათლეტების წარმატება

25 მარტი 2025, 10:01 175 ნახვა

პოლონეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა სპორტსმენებმა დავით მჟავანაძემ და დიმიტრი კოვსტანიუკმა. ტურნირში, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში ჩატარდა, 20 ქვეყნის 700-მდე ათლეტი მონაწილეობდა.

110 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით მჟავანაძემ წოლჭიმში 185, ამოწევაში კი 275 კილოგრამი დააფიქსირა და ორივე დისციპლინაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან ასევე იასპარეზა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, სადაც წოლჭიმში ოქროს, ამოწევაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება დიმიტრი კოვსტანიუკს, რომელიც 16-წლამდელთა შორის გამოდიოდა, ამოწევაში 150 კილოგრამი დააფიქსირა და მეოთხე ადგილზე გავიდა, წოლჭიმში დაფიქსირებული 95 კილოგრამით კი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბათუმელი ათლეტები მორიგი ტურნირისთვის, „არნოლდ კლასიკისთვის“ ემზადებიან, რომელიც ოქტომბერში ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.  

ტურნირში აჭარის ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს.

ვიდეო მასალა ტურნირიდან აჭარის ძალისმიერი სპორტის ფედერაციამ მოგვაწოდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში