საქართველოს სპორტის მინისტრმა მობილიარდე ლევან კიკალიშვილს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვება უსურვა.
მოლდოვაში მოზარდებს შორის კლასიკური ბილიარდის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ლევან კიკალიშვილმა ფინალში უკრაინელი მატვეი ბინდასოვი ანგარიშით 6:4 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა, რაც საქართველოსთვის ახალგაზრდულ დონეზე ისტორიული შედეგია.
ლევანმა ჩემპიონატი წარმატებულად, მიჯრით ორი გამარჯვებით, დაიწყო; მეოთხედფინალური მატჩი კი დათმო, წაგებულთა ბადიდან ნახევარფინალში გადავიდა, სადაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენი ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა. სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
