ფრენბურთში საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა წარმატებით დაძლია ჩვენს ქვეყანაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ფაზა.
გადამწყვეტ მატჩში, ქართველმა სპორტსმენებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. შეხვედრა თავიდან ბოლომდე მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი კესო ნარიმანიძე იყო, რომელმაც თამაში 13 ქულით დაასრულა. საქართველოში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ჯგუფის გამარჯვებული პოლონეთი გახდა, ხოლო საქართველომ მეორე ადგილის დაკავებით მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მთავარი საკვალიფიკაციო ეტაპი გაზაფხულზე გაიმართება. მეტოქეების ვინაობას ჩვენი გუნდი მოგვიანებით შეიტყობს.
