საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებს თბილისში უმასპინძლა და 28:26 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ხელბურთელად საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, რომელმაც 11 გოლი გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო. პირველ ორ ტურში ჩვენი ეროვნული გუნდი ისლანდიასა და საბერძნეთთან დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას საქართველო 16 მარტს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან სტუმრად გამართავს. კონტინენტის პირველობაზე ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პირველ-მეორეადგილოსნები პირდაპირ გადიან.
ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურს ასევე მოიპოვებს ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი. საკვალიფიკაციო ეტაპზე რვა ჯგუფია.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი მატჩების განრიგი კი ასეთია: 16 მარტი - ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო; 8 მაისი - საქართველო – საბერძნეთი 11 მაისი - ისლანდია – საქართველო.