საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალშია

27 ივნისი 2024, 12:08 482 ნახვა

ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი დაიწერა. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა ტურნირის ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა, სადაც კიდევ ერთ ფავორიტს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუშინდელ თამაშს კიდევ ბევრი ბენეფიტი აქვს, გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 3 გოლით.

ხვიჩა კვარაცხელია პორტუგალიასთან მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გიორგი მამარდაშვილი კი 15 სეივით ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო მეკარეთა სიას ლიდერობს. კვარაცხელიას გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 5 ყველაზე სწრაფ გოლს შორის შევიდა. მან პორტუგალიის კარი მატჩის დაწყებიდან 92-ე წამზე აიღო. ახლა კი გულშემატკივრობა 30 ივნისამდე გაგრძელდება, ამ დღეს კი უკვე თამამად გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაამარცხებს.

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზევე გაიტანა. მოედნის ცენტრს მეორე ტაიმშიც პორტუგალიელები აკონტროლებდნენ, ქართველები კი მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ.

იერიშისას ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და საქართველო 2:0 დაწინაურდა. იგი მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში