ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი, ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.