ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე უნივერსიადაზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ბურთით - 10:11 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. პირველი მეოთხედი ქართველთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა, მეორე პერიოდი მეტოქემ იგივე ანგარიშით მოიგო, შემდეგ კი ერთი ბურთით წინაც გავიდა. ბოლო მეოთხედი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, გუნდებმა 4-4 გოლის გატანა მოახერხეს, რაც საბოლოო ჯამში იტალიელებს აწყობდათ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები იტალიასთან ჯგუფურ ეტაპზეც დამარცხდა 9:13. საქართველო ბრინჯაოს მედლისთვის 8 აგვისტოს ამერიკასთან ითამაშებს.