სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს სეზონი მიმდინარე გათამაშების პირადი რეკორდით დაასრულა. ქართველმა 31:27 წუთში 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
მისმა გუნდმა კი გასვლაზე „დალას მავერიქსს“ იოლად, 138:117 აჯობა. „სპურსში“ მამუკელაშვილზე შედეგიანი არავინ იყო, ხოლო მთლიანად შეხვედრაში მხოლოდ ჰენდრიმ აჯობა, რომელმაც მასზე 2 ქულით მეტი ჩააგდო.
23 ქულა მამუკელაშვილისთვის, როგორც „სან ანტონიოში“, ისე 2022-2023 წლების სეზონში საუკეთესო შედეგია. ზოგადად, NBA-ს კარიერაში კი მას გასულ სეზონში ერთხელ 28 ქულა ჰქონდა. „სან ანტონიომ“ NBA დასავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 60 წაგებით ბოლო, მე-15 ადგილზე დაასრულა.
სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ საშუალოდ 23.3 წუთში (სულ 19 თამაში) 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას, 2.4 პასს, 0.5 ჩაჭრას და 0.4 დაფარებას აგროვებდა.