თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა კლუბმა ესპანეთში, კატალონიური გრანდი დაამარცხა. ბოლონიელებმა ბარსელონას დაძაბული მატჩი საბოლოოდ 8 ქულით – 83:75 მოუგეს.
ვირტუსი ბოლო მეოთხედის წინ ერთ ქულას იგებდა, თუმცა მჭიდრო დაცვით ბოლო მეოთხედში ესპანელებს ბურთი რამდენჯერმე დააკარგვინეს და მატჩი სათავისო შედეგით დაასრულეს. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულას, 2 მოხსნას, 6 პასს და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი.
იტალიურ გუნდს იფე ლუნდბერგმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. ბარსელონას ვირტუსთან ევროლიგაში მატჩი არასდროს მოუგია.
შენგელიას გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 8 მოგებითა და 9 მარცხით ევროლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბოლონიელები კაუნასის ჟალგირისს მასპინძლობენ.