თბილისში დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, სადაც წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრებმა. ტურნირი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. შეჯიბრებაზე ლევან ცინცაძის შეგირდებმა საერთო ჯამში შვიდი ოქროს და ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს. ასპარეზობა გაიმართა ასევე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, რომლის გამარჯვებული გახდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, აბსოლუტურ წონაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით მსხალაძე, რომელმაც ფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლაშა ოზბეთელაშვილი დაამარცხა. მესამე ადგილზე ასევე ბათუმელი მინდია მგელაძე გავიდა, რაც შეეხება „ჩემპიონთა აკადემიის“ კიდევ ერთ მებრძოლს დათა ფუტკარაძეს, მან მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც მომავალ წელს სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზებს.