2023 წლის ევროპის ჩემპიონატს კარატეში ბათუმი უმასპინძლებს - ამის შესახებ მსოფლიო შოტოკან კარატე დო-ს ფედერაციის წარმომადგენლებმა ბათუმში შავი და კასპიის ზღვების ღია ჩემპიონატის მიმდინარეობისას განაცხადეს.
აღნიშნული შეჯიბრება დასრულდა, მასში 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც კუმიტეში, ასევე დისციპლინა კატაში გაიმართა.
ასპარეზობა ინდივიდუალურ და გუნდურშიც ჩატარდა, სადაც ჩემპიონობა საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა, მეორეზე თურქეთის, მესამეზე კი ირანის ნაკრები გავიდა.
ვეტერანთა შორის დისციპლინა კატაში სამივე საპრიზო ადგილი საქართველოს წარმომადგენლებს ხვდათ წილად. საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული მედლების რაოდენობით, საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე თურქეთი, მესამეზე კი აზერბაიჯანის ნაკრები გავიდა.