დღეს "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "რეინჯერსს" უმასპინძლებს

26 ოქტომბერი 2022, 10:41 1069 ნახვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლი" შოტლანდიურ "რეინჯერსს" უმასპინძლებს. იტალიური გამოცემები ვარაუდობენ, რომ გადატვირთული სათამაშო კალენდრის გამო, ლუჩანო სპალეტი შემადგენლობაში როტაციას მიმართავს და რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს დაასვენებს. ერთ-ერთი ვერსიით სპალეტიმ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიასაც დაასვენოს და სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენოს.

მატჩის წინ სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ 3-4 ფეხბურთელის შეცვლას აპირებს . "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფს 4 ტურის შემდეგ 12 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობს და მერვედფინალის საგზური უკვე მოიპოვა, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ქულების მოპოვება კიდევ სჭირდება.

"რეინჯერსს" 4 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს. სპალეტის გუნდმა ბოლო 11 თამაში ზედიზედ მოიგო, რითაც 1986 წელს დამყარებული კლუბის პირადი რეკორდი გაიმეორა, დღეს მოგების შემთხვევაში კი ამ რეკორდის გაუმჯობესებას შეძლებს.

"ნაპოლისა" და "რეინჯერსის" მატჩი დღეს 26 ოქტომბერს "სტადიო დიეგო არმანდო მარადონზე " თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში