FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციამ ევრობასკეტის A ჯგუფში თურქეთ-საქართველოს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ "თამაშის დასრულების შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ გააპროტესტა დროის აღრიცხვის ოპერაციის შეცდომა.
წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულების განხილვის შემდეგ, FIBA-ს ევრობასკეტის სადისციპლინო კოლეგიამ დაადგინა: იმის მიუხედავად, რომ თამაშის მე-4 მეოთხედში მართლაც იყო დროის აღრიცხვის შეცდომა, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ვერ დაამტკიცა, რომ ამ შეცდომის გარეშე მატჩის შედეგი განსხვავებული იქნებოდა. შედეგად, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი, რომელიც აპროტესტებდა თამაშის შედეგს, არ დაკმაყოფილდა," - წერია განცხადებაში.
FIBA-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ პარკეტს მიღმა მომხდარ დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია შესაბამის დისციპლინარულ ზომებს მიმართავს.