ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს წარუდგინა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტის პროექტი, რომელიც მოიცავს ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიური წყაროები იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოებისთვის გვიან ღამით გაგზავნილი პროექტით, რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად, 6-8 თვის განმავლობაში უნდა აიკრძალოს.
გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებიც სხვებზე მეტად არიან დამოკიდებული რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე.
ევროკომისიის მიერ შეთავაზებული პროექტი შესაძლოა ახალი დავის საგნად იქცეს, რადგან გამონაკლისის დაშვებას მოითხოვენ ჩეხეთი და ბულგარეთიც. ეს ქვეყნები აცხადებენ, რომ მათი ეკონომიკაც ძლიერადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა ევროკავშირის სახელმწიფოებმა დღეიდან უნდა დაიწყონ.
გადაწყვეტილების მისაღებად 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.