წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გენერალური დირექტორი რობერტ მარდინი აცხადებს, რომ ძლიერი პოლიტიკური ნებაა საჭირო უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოსაყვანად.
მარდინის თქმით, უკრაინის ქალაქებში ჰუმანიტარული სიტუაცია დღითიდღე უარესდება, განსაკუთრებით კატასტროფული ვითარებაა ქალაქ მარიუპოლში. ქალაქში არ არის სასმელი წყალი, ელექტროენერგია, გაზი, სამედიცინო მომსახურება.
გუშინ რუსულმა ჯარმა 10 დღიანი წარუმატებელი მცდელობების შემდეგ მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქის დატოვების საშუალება მისცა.
ადამიანებმა საკუთარი ავტომობილებით დაბომბილი ქალაქის დატოვება შეძლეს. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქი მარიუპოლი ქვეყანაში რუსული ძალების შეჭრის პირველივე კვირიდან მთლიანად რუსი ოკუპანტების ალყაშია მოქცეული.
ასობით ათასი ადამიანი სარდაფებში საკვებისა და წყლის გარეშე ამ დრომდე იმალება.