მთავარი მსოფლიოში

23 მარტი 2021, 20:01 1121 ნახვა

24 მარტს სომხეთში სამხედრო მდგომარეობას გააუქმებენ. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა განაცხადა.  საპარლამენტო უმრავლესობა ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ ოთხშაბათს პარლამენტის მორიგ სხდომაზე  მხარს დაუჭერს  ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გაუქმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყების  გამო 2020 წლის სექტემბრის ბოლოს გამოცხადდა - აცხადებს არარატ მირზოიანი. ოპოზიციურმა პარტიებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შემდეგ,  ქვეყნის ხელისუფლება უარს ამბობდა სამხედრო მდგომარეობის გაუქმებაზე პოლიტიკური მოტივებით.  ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ფაშინიანის გუნდი შიშობდა, რომ სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ოპოზიციური ფრაქციები პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებდნენ.

ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში რიგით  მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები  ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება.  წინასწარი შედეგების  ოთხშაბათს ღამით, ხოლო  საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, პარასკევს გახდება ცნობილი. წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების თანახმად, არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ ლიდერობს და ის 120-ადგილიან პარლამენტში 30-32 მანდატს მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუს კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება.

საფრანგეთში  ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ 24 წლის სტუდენტის გარდაცვალების მიზეზს იძიებენ.   ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარი ეხება ქალაქ ნანტის მკვიდრს სტუდენტ მედიკოსს,  რომელმაც ვაქცინა 8 მარტს გაიკეთა.  10 დღის შემდეგ იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა და სპორტით იყო დაკავებული.  ცხედრის გაკვეთით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი  თრომბით გამოწვეული  შინაგანი სისხლჩაქცევა გახდა. საფრანგეთმა ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება  15 მარტს შეაჩერა, თუმცა ასტრაზენეკას უსაფრთხოების შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნის შემდეგ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა პრეპარატის გამოყენების განახლების შესახებ განაცხადა.

გრაფიტის მხატვარ ბენქსის სურათი, რომელიც მან ინგლისის ერთ-ერთ საავადმყოფოს აჩუქა, აუქციონზე  ავტორისთვის რეკორდულ თანხად 23 მილიონ დოლარად გაიყიდა.  მე-20-ე საუკუნის ხელოვნების ნიმუშების ონლაინ-ვაჭრობა ქრისტის აუქციონის სახლმა გამართა.  შავ-თეთრ სურათზე, რომელიც ტილოზე ზეთის საღებავებით არის შესრულებული, მოთამაშე ბავშვია დახატული.  ბიჭუნას ხელში ექთნის ფიგურა უჭირავს, რომელიც  სუპერგმირ  სათამაშოებს მოგვაგონებს.  გვერდით კალათაში ადამიანი-ღამურა და ადამიანი-ობობა აწყვია.  სურათს ჰქვია გარდამტეხი მომენტი.  საწყის ფასად ტილო  5 მილიონამდე დოლარად იყო შეფასებული. აუქციონიდან შემოსული თანხა ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს გადაერიცხება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში