მთავარი მსოფლიოში

15 მარტი 2021, 20:01 1130 ნახვა

უკრაინის მთავარი სანიტარული ექიმი ვაქცინაციიდან  მე-13-ე დღეს კოვიდ-19-ით დაინფიცირდა.  ვიქტორ ლიაშკომ ინდოეთში წარმოებული ასტრაზენეკის ვაქცინა კოვიშელდი გაიკეთა.  ლიაშკოს თქმით, იგი იმ პერიოდში დაავადდა,  როცა იმუნიტეტი ვაქცინისგან ჯერ სრულად არ იყო გაძლიერებული.  ერთჯერადი სტანდარტული დოზის შემდეგ ვაქცინის ეფექტურობა 22-დან 90 დღემდე  76 პროცენტს შეადგენს.   უკრაინის მთავარი სანიტარული ექიმი დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის წყალობით დაავადება გართულებების გარეშე ჩაივლის.

საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ აზტრაზენეკის ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს. ამ ქვეყნების ხელისუფლებები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სიფრთხილიდან გამომდინარე მიიღეს. ასზტრაზენეკის პრეპარატით აცრილთა შორის თრომბოზების შემთხვევების გახშირების შემდეგ სისხლზე  ვაქცინის ზეგავლენას სპეციალისტები  დამატებით შეისწავლიან.   ასტრაზენეკის კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ხოლო თრომბოზების განვითარების შემთხვევათა რიცხვი 17მილიონ ვაქცინირებულს შორის მოსალოდნელზე დაბალია.

ბელარუსში კი ჩინური კომპანია სინოფარმის კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატით დაიწყო მოსახლეობის ვაქცინაცია.  ქვეყანამ 100 ათასი დოზის ფარგლებში ჩინური ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში მიიღო. პრეპარატი ორი კვირის განმავლობაში ბელარუსში ლაბორატორიულ კონტროლს გადიოდა, რომლის პროცესშიც ექსპერტები  მის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებაში  დარწმუნდნენ. ქვეყანაში პირველ რიგში მედიკოსები, პედაგოგები და სოციალური მუშაკები აიცრებიან.

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის ტესლას ხელმძღვანელმა თავისი თანამდებობის ოფიციალური დასახელება  ტექნოკინგით  შეცვალა, რაც ტექნოლოგიების მეფეს ნიშნავს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ილონ მასკი ტესლას მთავარი   აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ინარჩუნებს.  ტესლას ფინანსური დირექტორის თანამდებობა ახლა ოფიციალურად  იწოდება როგორც მონეტების მბრძანებელი სერიალ  სამეფო კარის თამაშებში გამოგონილი ტიტულის ანალოგიურად.  ცვლილებები დღეიდან შევიდა ძალაში.

ოსკარის ნომინაციების რაოდენობით რეჟისორ დევიდ ფინჩერის კინოსურათი „მანკი“  ლიდერობს.  ფილმი  10 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის და საუკეთესო მსახიობების.  სურათში მოთხრობილია სცენარისტის ჰერმან მანკევიჩის ცხოვრებისა  და მის ლეგენდარულ ფილმზე „მოქალაქე კეინი“ მუშაობის შესახებ.   ფილმის სცენარი რეჟისორის მამამ ჯეკ ფინჩერმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაწერა.  ოსკარის დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონია ლოს-ანჯელესში 25 აპრილს გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში