COVID 19 - რა ვითარებაა სხვადასხვა ქვეყანაში 13 მარტის მონაცემებით

13 მარტი 2020, 18:23 2207 ნახვა

COVID 19  - თურქეთი/აზერბაიჯანი/სომხეთი

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანს უკვე პირველი მსხვერპლი ჰყავს. დაღუპულია 51 წლის ქალი, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანია ინფიცირებული. სომხეთში   კორონავირუსით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევაა. დღეიდან ქვეყანაში ბაგა-ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა. თურქეთში კი  COVID 19  -ით დაავადების მეორე შემთხვევა გამოვლინდა.  მას  პირველ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, რომელიც თურქეთში ევროპიდან ჩავიდა.  რეჯეფ თაიფ ერდოღანი კორონავირუსის საფრთხის გამო უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს. ხოლო   ხელისუფლების წარმომადგენლებს უხოეთში ვიზიტებისთვის  შესაბამისი ნებართვა დასჭირდებათ. 

COVID 19  - უკრაინა

პირველი ინფიცირებული დაიღუპა უკრაინაში.  ჟიტომირის ოლქის მკვიდრი  71 წლის ქალი საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.  მას  ვირუსი  ლაბორატორიულად დაუდგინდა. კორონავირუსის გამო  უკრაინა  48 საათის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს დაკეტავს.

COVID 19 - იტალია/ირანი

ისევ რთული ვითარებაა იტალიაში, სადაც კორონავირუსმა უკვე ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ირანში კი  დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. სულ მსოფლიოში ვირუსის შედეგად 4 ათას 900 ადამიანი დაიღუპა,  ინფიცირებულთა  რაოდენობამ  134 ათასს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო  პანდემია   11 მარტს  გამოაცხადა.

COVID 19 - ესპანეთი

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების გამო   ოთხ დასახლებულ პუნქტში, სადაც  70 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს,  კარანტინში გამოაცხადეს. ქვეყანაში COVID 19 - ით ინფიცირებულთა  რიცხვის მკვეთრად გაზრდის შემდეგ, ესპანეთის მთავრობამ   იტალიასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა და მოსახლეობას მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.  ქვეყანაში  სკოლები და უნივერსიტეტები სულ მცირე ორი კვირით დაიხურა, ხოლო ციხეებში მნახველთა შეშვება აიკრძალა.

COVID 19 - საფრანგეთი

16 მარტიდან ყველა სასწავლო დაწესებულება დაიხურება საფრანგეშიც. ამის  შესახებ სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა და 70 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს, ასევე  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეძლებისდაგვარად სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.  მაკრონის თქმით,  საფრანგეთი ბოლო საუკუნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიურ კრიზისს განიცდის. ბოლო დღე-ღამეში  საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა  რაოდენობამ 2 ათას 800-ს გადააჭარბა. დაღუპულია 61 ადამიანი. 

COVID 19 -კანადა/იაპონია

კანადაში კორონავირუსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის  ჯასტინ ტრიუდოს მეუღლეს დაუდასტურდა. სოფი გრეგორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხოლო მთავრობის მეთაური ორ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს. იაპონიას კი ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარება ჯერ არ გადაუფიქრებია.   აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის მთავრობას პანდემიის გამო ოლიმპიადის ერთი წლით გადადება ურჩია.

COVID 19 - ლატვია/ესტნეთი

 კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ლატვიასა და ესტონეთში.  30 მაისამდე ძალაში დარჩება საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში.    ქვეყანამ,  სადაც  COVID 19 -ით 9 ადამიანია ინფიცირებული, ყველა საკრუიზო ლაინერს თავის პორტებში შესვლა აუკრძალა. 

COVID 19

ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნები პანდემიაზე განსხვავებულად რეაგირებენ.  ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, რომელიც ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა,   ევროპიდან და კოლუმბიიდან  ყველა ავიარეისი აკრძალა. მექსიკის ხელისუფლება კი პირიქით,  ტურისტებისთვის არ გეგმავს  საზღვრების ჩაკეტვას.  სოციალისტი პრეზიდენტის თქმით,  ჯერ არ არსებობს   იმის მეცნიერული  მტკიცებულება, რომ მსგავსი შეზღუდვები მოქალაქეებს  ამ დაავადებისგან დაიცავს.

სულ მსოფლიოში ვირუსის შედეგად 5 ათას 67 ადამიანი დაიღუპა,  ინფიცირებულთა  რაოდენობამ  136 ათასს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო  პანდემია   11 მარტს  გამოაცხადა. 

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში