''რა თქმა უნდა ვნანობ'' - გეგა გეგეშიძე

07 თებერვალი 2019, 00:00 2289 ნახვა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. გეგა გეგეშიძე ამბობს, რომ ''კინკლაობა'' უნდა დასრულდეს, მომხდარს კი ნანობს. 

''რა თქმა უნდა ვნანობ, ეს არ არის კარგი. საკითხს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. არც ჩემი საქციელი იყო კარგი და არც სპორტსმენის. უნდა გამოვასწოროთ მთავარი ეს არის. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში. იმიტომ, რომ ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების წელია. უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ'' - თქვა გეგა გეგეშიძემ. 

ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, დღეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდება. კონკრეტულად როდის გეგეშიძეს არ უთქვამს. 

დარჩება თუ წავა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გეგა გეგეშიძე ამას მოჭიდავეები და პრეზიდიუმის წევრები გადაწყვეტენ. ასევე იმსჯელებენ დათუნაშვილის საკითხზეც. 

''ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, მოჭიდავეები განიხილავენ ყველა საკითხს და იქ გადაწყდება ვინ დარჩება, ვინ არ დარჩება, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ'' - ამბობს პრეზიდენტი.

გეგა გეგეშიძის თქმით, ინციდენტის შემდეგ ზურაბ დათუნაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

19 იანვარს, ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირება იყო ასახული.

კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. 

3 თებერვალს, ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ის ურთულესი არჩევანის წინაშე იყო. ''ან კარიერა უნდა დაასრულოს, ან სხვა ქვეყნის სახელით გააგრძელოს ასპარეზობა''. 

ამავე კატეგორიაში