სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმის პიაცაზე. მფლობელი შპს „პიაცა ჰოლდინგი“ მაზნიაშვილის ქუჩის მხრიდან აივნის ადგილას სართულსა და მანსარდს აშენებს. კომპანიას თანხმობა უკვე აქვს ზონალური საბჭოსგან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის არეალში სამშენებლო საკითხებს განიხილავს. საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანიის განცხადების დაკმაყოფილებამდე განიხილეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ხელოვნებათმცდონის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ზაურ ახვლედიანის თქმით, არ ირღვევა ისტორიული არეალის იერსახე და მასშტაბები.
ამ აზრს არ იზიარებს საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე. იგი ამბობს, რომ პიაცა კულტურულ ღირებულებას არ წარმოადგენს, მაგრამ მშენებლობის მასშტაბი აკნინებს მის ირგვლივ მდებარე ისტორიულ შენობებს. გარდა ამისა, მისი თქმით ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ძველ ბათუმში სადაც პიაცა მდებარეობს განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებს.