ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ერთი წელი იწვალეს და ბოლოს აღიარეს არჩევნების, შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაცია“.
„ეს ყველაფერი მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში და, ზოგადად „დიფ სთეითში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ხან ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხან ისეთ გადაწყვეტილებას. მთავარია, რომ, რეალურად, ამით ვერანაირად ვერ ცვლიან ვითარებას ოპოზიციისთვის სასარგებლოდ. ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს.
ეს გადაწყვეტილება ვერც ვერაფერს დააკლებს, ვერც ვერაფერს შემატებს, ვერც ამ პარტიას შემატებს ვერაფერს. საბოლოო ჯამში, აქამდე მიიყვანა პატრონების კარნახმა ეს პოლიტიკური პარტიები, რაც ძალიან სამწუხაროა მათთვის და ძალიან კარგია ქართული დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა უმრავლესობა შექმნეს ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და ამბობდნენ, რომ კოალიციაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობასთან“. მისივე თქმით, ასეთივე აბსურდში არიან.
„პარლამენტის წევრები გახდნენ და რანაირად, აბა, რისი წევრები არიან. პარლამენტის წევრები თუ არიან, ე.ი. პარლამენტი არის ლეგიტიმური. ოპოზიციის წინაშე უსუსურად რაღაცებზე თავის მართლება მათ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე