სპორტი მთავარში

24 აპრილი 2018, 00:00 2714 ნახვა

• საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები, 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია. სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში გამართულ ტურნირზე, ქართველმა ჰოკეისტებმა 5 მატჩიდან 4 გამარჯვება მოიპოვეს, 12 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და II დივზიონის საგზური მოიპოვეს, რაც ქართული ჰოკეისთვის ისტორიული შედეგია. სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან და მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა. 2019 წელს საქართველოს მომავალი მეტოქეები II დივიზიონის B ჯგუფში ახალი ზელანდიის, ისრაელის, ჩრდილოეთ კორეის და მექსიკის ეროვნული ნაკრებები და ასევე მეორე დივიზიონის A ჯგუფიდან 2018 წლის გათამაშებაში დაქვეითებული გუნდი იქნება. III დივიზიონის საუკეთესო მოთამაშედ  საქართველოს ნაკრების წევრი, 27 წლის ოლივერ ობოლგოგიანი დასახელდა, ხოლო 22 წლის ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი 10 გოლითა და 9 პასით მესამე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


• დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლივერპულიემფილ როუდზე რომას უმასპინძლებს. გუნდები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, ირგენ კლოპის გუნდს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ბოლო ოთხ შეხვედრაში სახლში გოლი არ გაუშვია. ექს რომაელი მოჰამედ სალაჰი კი ახლახანს პრემიერლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. გუნდები ერთმანეთს მეექვსედ ხვდებიან, 2 მოგება ინგლისელებს აქვთ, ერთხელ რომამ იმარჯვა, ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი კიდევ ერთი სენსაციის მოხდენას შეეცდება. ბოლოს რომამ ნახევარფინალში 1984 წელს ითამაშა და იმავე წელს ფინალში სწორედ ლივერპულთან დამარცხდა პენალტების სერიაში. 

• კატალონიის ბარსელონას 19 წლამდელთა გუნდმა  უეფა-ს იუნიორთა ლიგა მოიგო.  ფინალურ მატჩში ბარსამ „ჩელსი“ 3:0 დაამარცხა. გადამწყვეტ მატჩში დუბლი შეასრულა მარკეს მენდესმა. კიდევ ერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში აბელ რუისმა გაიტანა. კატალონიელები ამ ტურნირის პირველი გამარჯვებული  2013-14 წლებში გახდნენ. გუშინ კი ბარსამ უეფა-ს იუნიორთა ლიგა მეორედ მოიგო. 

• თურქეთის ქალაქ ანტალიაში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება ქართველი ძიუდოისტის, ზვიად გოგოჭურის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირში, რომელიც 19-დან 24 აპრილის ჩათვლით გაიმართა, საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების წევრებმა - გიორგი გამჯაშვილმა, ბაჩუკი შელიამ, გიორგი ბერიძემ და ზვიად გოგოჭურმა იასპარეზეს.  ქართველმა პარალიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში გამოცდილი ბრიტანელი ძიუდოისტი, სემ ინგრემი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. 

• ველომოგზაური ნოდარ ბერიძე დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩავიდა, სადაც მას ვეტერანი და ახალგაზრდა ველოსპორტსმენები დახვდნენ და ახალ მოგზაურობაში გააცილეს. ნოდარ ბერიძეს ამჯერად ველოსიპედით საქართველოს შემოვლა აქვს დაგეგმილი. 26 მაისს ის თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი მსოფლიოს ირგვლივ ახალი და უფრო მასშტაბურ მოგზაურობაში გაემგზავრება.  

ამავე კატეგორიაში