სპორტი მთავარში

07 დეკემბერი 2017, 00:00 2415 ნახვა

• გუშინ შვეიცარიაში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მომავალი მეტოქეების ვინაობა გაირკვა,  უეფას შტაბბინაში 2018-19 წლების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 17-წლამდე ნაკრებებს შორის გაიმართა. საქართველოს ნაკრები,  მე-6 ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, დანიასთან და ესტონეთთან ერთად. მატჩები 2018 წლის 24-30 ოქტომბერს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა დანია იქნება, ფინალურ ეტაპს კი ირლანდია უმასპინძლებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები, მესამე ჯგუფში ირლანდია, მაკედონია და პოლონეთი იქნებიან. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ჯგუფებში გამარჯვებულ რვა ნაკრებთან ერთად, შვიდი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მიიღებს. კონტინენტის პირველობას 2018 წლის 4-20 მაისს ინგლისი უმასპინძლებს. გუშინვე 2018-19 წლების 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 19 წლამდელთა  ნაკრები, აზერბაიჯანის, ისრაელისა და ლიხტენშტაინის ნაკრებ გუნდებთან ერთად პირველი ჯგუფში მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მომავალი წლის 14, 17 და 20 ნოემბერს თბილისში გაიმართება. ელიტ -რაუნდში თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მიიღებენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კი 2019 წლის ივლისში სომხეთში ჩატარდება.

• გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გაირკვა იმ 16 კლუბის ვინაობა, რომელიც მერვედფინალში ითამაშებს. ჯგუფებში გამარჯვებულები მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ, რომა, ბარსელონა, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ბეშიქთაში და ტოტენჰემი გახდნენ, ხოლო მეორე ადგილებზე: ბაზელი, მიუნჰენის ბაიერნი, ჩელსი, იუვენტუსი, სევილია, დონეცკის შახტარი, პორტო და მადრიდის რეალი გავიდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ უნიკალური ფაქტებიც დაფიქსირდა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, მერვედფინალურ ეტაპზე ხუთ ინგლისურ კლუბს ვიხილავთ, ხოლო კრიშტიანუ რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. მერვედფინალების კენჭისყრა 11 დეკემბერს გაიმართება,  კენწისყრის თანახმად ჯგუფის ლიდერები,  მეორე ადგილებზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. კენჭისყრის წესებს ასევე ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდების შეხვედრას გამორიცხავს.  საინტერესოა ჩელსის მდგომარეობა. ლონდონელთა მეტოქე მხოლოდ ბარსელონა, პსჟ ან ბეშიქთაში უნდა იყოს. მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 13-14 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩებს გუნდები 20-21 თებერვალს ჩაატარებენ.

• თბილისის დინამომ ფიბას ევროპის თასზე ასპარეზობა უქულოდ დაასრულა. თბილისურმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა, ოლიმპიურ სასახლეში თურქულ ისტანბულთან 97:70 დათმო. თურქული კლუბს მომდევნო ეტაპზე თამაშ განაღდებული ქონდა, პირველი პერიოდი თანაბარი ანგარიშით 32;32 დასრულდა. თუმცა თუმცა კლასისა და ოსტატობის ხარჯზე სტამბოლელებმა თამაშის ბოლომდე ლიდერობა 27 ქულამდე გაზარდეს. “ისთანბულში” 22 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით ივან ბუდვა გამოირჩა.“დინამოში” 18 ქულით საუკეთესო ნიკოლა გაჩეშა იყო. ამით დინამოელებმა დაასრულეს ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობა და ახლა მთლიანად საქართველოს სუპერლიგაზე გადაერთვებიან.

•ხვალ, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მერვე ტურში, „ბათუმი“ „ქუთაისს“უმასპინძლებს. ამ დროისთვის ორივე გუნდს თანაბარი 12-12 ქულა აქვთ და ლიდერებს თბილისის „ოლიმპსა“ და „რუსთავს“ თითო ქულით ჩამორჩებიან, რომლებსაც ერთით მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული, შესაბამისად ბათუმი მოგების შემთხვევაში პირველ ადგილს დაიმკვიდრებს .დღეს, ვლადიმერ ბოსნიაკის გუნდმა წინასამატჩო ვარჯიში ჩაატარა, ხვალინდელი შეხვედრა კი  ბათუმის სასპორტო სკოლაში, 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ტურის დანარჩენ შეხვედრებში მგზავრები -სოხუმს, მარნეულის დელტა - რუსთავს და თბილისის დინამო კაქტუსს შეხვდება.

• თუ რუსეთი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებას ბოლომდე შეასრულებს, რუს სპორტსმენებს შეეძლებათ „პიონჩანგ-2018“-ის დახურვის ცერემონიაზე რუსეთის დროშით გამოვიდნენ. „ჩვენ რუს სპორტსმენებს დავუტოვეთ უფლება ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე ეროვნული დროშით გამოვიდნენ. ეს გადაწყვეტილება ოლიმპიურ მოძრაობაში შექმნილ ამ არასასიამოვნო ეპიზოდს დაასრულებს. დახურვის ცერემონია გახდება ნიშანი იმისა, რომ რუსეთმა გაიზიარა და შეასრულა ჩვენი მოთხოვნები, რაც შესაძლებელს გახდის ახალი ურთიერთობის დაწყებას. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ რუსული სპორტის სუფთა მომავალზე,“ – განაცხადა დღეს სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა. შეგახსენებთ, რომ ანტისადოპინგო საგამოძიებო კომისიების დასკვნის საფუძველზე სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ოლიმპიურ დელეგაციას აეკრძალა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ დაიშვებიან, ე.წ. „სუფთა“ სპორტსმენებს კი სპეციალური კომისია შეარჩევს.

ამავე კატეგორიაში