გერმანია 500 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს ნატო-ს ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის ამერიკაში წარმოებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გერმანიის მთავრობამ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტისა და ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით მასშტაბური მოლაპარაკებების დროს გააკეთა.
ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ამჟამად გერმანია ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერია უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობის კუთხით.
ცნობისთვის, აშშ-მა და ნატო-მ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი - „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია“ წამოიწყეს, რომელიც ალიანსის სხვა წევრების შენატანებიდან დაფინანსებას ითვალისწინებს.