თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. მსოფლიოს პირველობის ბოლო დღეს „თბილისი არენაზე“ ტურნირის ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის დროშა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქ ჰონგ-კონგს გადაეცა. საქართველომ ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლა. ტურნირში 120 ქვეყნის 1205 ქალი და მამაკაცი მოფარიკავე მონაწილეობდა. ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობდა.
ასპარეზობები როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებს მოიცავდა. თბილისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. ფინალში მან ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ის პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.