პაკისტანის კარაკორამის მთებში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია გრძელდება, სადაც ბიატლონის ყოფილი გერმანელი ვარსკვლავი ლაურა დალმაიერი ქვათა ცვენის შედეგად მძიმედ არის დაშავებული. 31 წლის ორგზის ოლიმპიური ოქროს მედალოსანი 28 ივლისს პაკისტანის მთებში თავის პარტნიორთან ერთად ადიოდა, როდესაც ისინი კლდის ჩამონგრევის შედეგად დაშავდნენ. ინციდენტი შუადღისას, დაახლოებით 5 ათას 700 მეტრის სიმაღლეზე მოხდა. სპორტსმენის ბედი ამჟამად უცნობია. დალმაიერმა ბიატლონისტის კარიერა 2019 წელს დაასრულა. მან 2018 წლის ფიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა. იგი შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. სამაშველო ოპერაციას პაკისტანის სამხედრო ძალები შეუერთდნენ. რთული ამინდის პირობები და იზოლირებული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვნად ართულებს სამაშველო ოპერაციას.