ბათუმელი კარატისტების წარმატება „ASTANA CUP 2025“-ზე

03 ივლისი 2025, 10:15 115 ნახვა

ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კონტაქტურ კარატეში „ასტანის თასი 2025“, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში ექვსი ქვეყნის 600-მდე მებრძოლი ასპარეზობდა, წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მებრძოლებმა. საქართველო შეჯიბრებაზე 11 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ამათგან შვიდმა ჭაბუკების, ოთხმა კი ახალგაზრდების კატეგორიაში იასპარეზა.

ჩვენი გუნდის მონაგარი ასტანის თასზე ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ჭაბუკთა შორის ტურნირის გამარჯვებული ედგარ აბგარიანი გახდა, მალხაზ ქაჯაიამ კი ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, ყველაზე პრესტიჟულ, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა ნიკა ნაგერვაძესა და დიმიტრი მსხალაძეს შორის, რომელიც ნაგერვაძის გამარჯვებით დასრულდა.

ჩვენი მებრძოლები უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში და მომავალი ტურნირებისთვის მზადება დაიწყეს. წინ მათ ევროპის ჩემპიონატი და ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი „BATUMI OPEN 2025“ ელოდებათ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში