ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის მისაღებად ემზადება. ცნობილია რეზოლუციის - „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ შინაარსი. რეზოლუციის ავტორი 63 ევროპარლამენტარია, რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას.
მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო.
მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი. რეზოლუციის კენჭისყრამდე, ევროპარლამენტში გუშინ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მზია ამაღლობელის შესახებ დებატები შედგა.