პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფების „ჰამასის“ განცხადებით, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის „ხოცვა-ჟლეტის“ საპასუხოდ ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებს რაკეტები ესროლა. ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ 10-ვე რაკეტა წარმატებით გაანეიტრალეს.
ისრაელის მედიის მონაცემებით, პირდაპირი დარტყმა განხორციელდა ქალაქ აშკელონზე. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელმაც გაუვნებელყოფილი რაკეტის ნამსხვრევებით დაზიანებები მიიღო.
თავდასხმის შემდეგ ქალაქის ქუჩებში მიმოფანტულია ჩამსხვრეული მანქანის მინები და ნამსხვრევები. ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი ძალაში შევიდა 19 იანვარს 15 თვიანი ომის შემდეგ და მოიცავდა ბრძოლების შეჩერებას, ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას.
თუმცა, ისრაელმა 19 მარტს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა განაახლეს სახმელეთო ოპერაციები ცენტრალურ და სამხრეთ ღაზის სექტორში. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.