დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას ერევანში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი გუნდი სომხეთის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა და თამაშის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
კაშიას ნაცვლად კაპიტნის სამკლავურით გუნდს მოედანზე ოთარ კიტეიშვილი გაიყვანს. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დღეს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებმა აქამდე ერთმანეთთან შვიდი შეხვედრა გამართეს. საქართველომ სამჯერ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ სომხებმა გაიმარჯვეს.
ამ მატჩებში საქართველოს ნაკრებმა 14 გოლი გაიტანა და 8 მიიღო. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.