ვითარება ქობულეთში - დიდთოვლობამ 125 სახლი დააზიანა

28 თებერვალი 2025, 15:01 199 ნახვა

კვლავ რთული ვითარებაა ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში, სადაც თოვლის საფარი 2-მეტრია. რამდენიმე სოფლიდან ადგილობრივები დაგვიკავშირდნენ და ამბობენ, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია.

სოფელ ციხისძირში, რევაზ დავითაძის საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა. როგორც ამბობს ამ ეტაპზე ვითარების გასაცნობად არავინ არ დაკავშირებია. სახლში ეტლით მოსარგებლე პირი ცხოვრობს.

დიდთოვლობამ სოფ. დაგვაში, ზაურ რომანაძის სახლის სახურავი და მეორე სართული დაანგრია. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამ დროისთვის სამაშველო ჯგუფები სოფელ ცხემვანაში ჩარჩენილი მღვდლის და რეინჯერის გამოყვანის პროცესს ახორციელებენ. მერიის ინფორმაციით, ისინი კონტაქტზე არიან და მაშველები დღეს შეძლებენ გამოყვანას.

რამდენიმე დღეა ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბია შექმნილი. ბოლო მონაცემებით დიდთოვლობამ 125 საცხოვრებელ სახლზე მეტი დაზიანდა, უმრავლესობას  სახლის სახურავი ჩამოენგრა.

ქობულეთის მერის ინფორმაციით, ყველა დაზარალებული ოჯახის  მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზები გაწმენდილია და მალე უნდა დაიწყოს სოფლების შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, პროცესში  25-ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი