იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება ნიუ დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.
„იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.
