განათლების სისტემის რეფორმაზე ვერ ვისმენთ ვერავითარ საფუძვლიან კრიტიკას, გვესმის მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები - პრემიერი

09 დეკემბერი 2025, 15:26 115 ნახვა

განათლების სისტემის რეფორმაზე ვერ ვისმენთ ვერავითარ საფუძვლიან კრიტიკას, გვესმის მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები, სტუდენტებისთვის იქნება ძალიან ფართო არჩევანი, როგორც უნივერსიტეტების ნაწილში, ისე სპეციალობებისა და ფაკულტეტების ნაწილში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების სისტემის რეფორმა არის ფუნდამენტური მნიშვნელობის.

„არჩევანი იქნება ძალიან ფართო უნივერსიტეტებს შორისაც, მათ შორის, ქართველ სტუდენტს შეეძლება, აირჩიოს კერძო უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, შეეძლება აირჩიოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, შეეძლება აირჩიოს რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოგეხსენებათ, რომ გარდა თბილისის უნივერსიტეტების გაძლიერებისა, გვინდა, უნივერსიტეტები გავაძლიეროთ რეგიონებშიც. როგორც უნივერსიტეტების ნაწილში, ისე სპეციალობებისა და ფაკულტეტების ნაწილში, სტუდენტებს ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი, როგორც ჰქონდათ აქამდე. სახელმწიფო აფინანსებს სტუდენტებს და სახელმწიფო განსაზღვრავს კვოტებს, ეს ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. სახელმწიფო იხდის ამ ფულს და ბუნებრივია, კვოტები უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება რეფორმას, რეფორმა არის ფუნდამენტური მნიშვნელობის, თავისი შვიდივე კომპონენტით. ჩვენ განვსაზღვრეთ შვიდი გამოწვევა და არავითარი კრიტიკული შენიშვნა ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთ გამოწვევაზე. ვიკითხეთ, იქნებ ჩვენ ვხედავთ არასწორად ამ გამოწვევებს. შვიდივე გამოწვევაზე, რეალურად, თანხმდება მთელი საზოგადოება. ის, რომ კადრების, ინფრასტრუქტურის, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების, კონცენტრაციის კუთხით პრობლემებია, ყველაფერზე თანხმდება საზოგადოება. ის, რომ საერთო ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ამაზეც თანხმდება ქართული საზოგადოება. შესაბამისად, ჩვენ გამოწვევებთან დაკავშირებით, არავითარი შენიშვნა არ მოგვისმენია. რაც შეეხება პასუხებს გამოწვევებზე, თითოეული პასუხი შეესაბამება ზუსტად იმ თითოეულ გამოწვევას, რომელიც განსაზღვრულია. ვერ ვისმენთ ვერავითარ საფუძვლიან კრიტიკას, გვესმის მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები“, – განაცხადა პრემიერმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში