გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ორი განსხვავებული რეზოლუცია უკრაინაში ომის შესახებ. პირველი დოკუმენტი შეადგინეს უკრაინამ და ევროკავშირის ქვეყნებმა. მასში შედის პირდაპირი მოთხოვნა რუსეთისადმი, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რაც შეესაბამება გაერო-ს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას მხარი დაუჭირა 93 სახელმწიფომ, თავი შეიკავა 65-მა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა 18-მა, მათ შორის რუსეთმა და აშშ-მ.
მეორე რეზოლუცია მომზადებული იყო აშშ-ის მიერ. მასში არ არის რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობა, ომი მოხსენიებულია როგორც „კონფლიქტი“, არ არის ნახსენები რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინის ტერიტორიები, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობა.