საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

18 თებერვალი 2025, 14:35 257 ნახვა

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის  შესაძლო შეხვედრის გეგმები შესაძლოა რიადში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგ გაჩნდეს - განუცხადა ჟურნალისტებს  კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და აღნიშნა, რომ  მოლაპარაკებები ჯერ ისევ მიმდინარეობს და მათი შეფასება ნაადრევია.

პესკოვის თქმით, რუსეთი თავიდანვე მზად იყო უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის,  თავად უკრაინასა  და ბევრ სხვა ქვეყანას კი  საპირისპირო აზრი ჰქონდა. პესკოვმა გაიხსენა, რომ კიევმა თავად აკრძალა სამშვიდობო მოლაპარაკებები.  

კითხვაზე, დაეთანხმება თუ არა კრემლი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, პესკოვმა უპასუხა, რომ  ევროკავშირში გაწევრიანება ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და  რუსეთი ამ საკითხში უკრაინას არაფერს უკარნახებს. პესკოვის თქმით, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია, როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, თავდაცვას თუ სამხედრო ალიანსებს. 

პარალელურად ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კეიტ კელოგი მიიღო. შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა იქს-პლატფორმაზე დაწერა, რომ ევროპას სურს ითანამშრომლოს აშშ-სთან მოლაპარაკებებში უკრაინაში ომის დასასრულებლად და სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში