საბერძნეთის სანტორინის კუნძულის ასობით მკვიდრი ათენისკენ მიმავალ ბორანზე მას შემდეგ ავიდა, რაც კუნძულზე მეოთხე დღეა ათობით მიწისძვრა დაფიქსირდა. ორშაბათს სანტორინიში 4-5 მაგნიტუდის სიმძლავრის რამდენიმე მიწისძვრა მოხდა, მოქალაქეებს მოუწოდებდნენ მორიდებოდნენ დახურულ სივრცეებში მასობრივ თავშეყრას.
ადგილზე მობილიზებული იყო კატასტროფებზე რეაგირების დანაყოფები.
31 იანვარის შემდეგ ეგეოსის ზღვაში ვულკანურ კუნძულებს სანტორინისა და ამორგოსს შორის ბიძგები დაფიქსირდა, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა 7 თებერვლამდე დაეხურა სკოლები სანტორინისა და ახლომდებარე იოსში, ამორგოსსა და ანაფში. მიწისქვეშა ბიძგები თურქეთშიც იგრძნობოდა.