ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა დიდი ბრიტანეთის ბრალდებას ჩინეთის ჯაშუშური საქმიანობის შესახებ აბსურდი უწოდა. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჩინელი ბიზნესმენი იანგ თენგბო ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილად დასახელდა.
ჩინელმა ბიზნესმენმა, რომელიც მჭიდრო კავშირს ამყარებდა დიდი ბრიტანეთის პრინც ენდრიუსთან, უარყო წაყენებული ბრალდებები სასამართლო სხდომაზე და თქვა, რომ მას არაფერი დაუშავებია და არ იყო ჯაშუში.
50 წლის ჩინელ ბიზნესმენს 2023 წლის თებერვალში პეკინიდან ლონდონის მიმართულებით გამგზავრების წინ განუცხადეს, რომ მას გაერთიანებული სამეფოში ჩასვლა აეკრძალა.