საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადება

11 დეკემბერი 2024, 10:01 207 ნახვა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰიუმან რაითს უოჩი ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციებზე მთავრობის სასტიკი რეაქცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეს ქმნის.

ორგანიზაციის განცხადებით, ევროკავშირმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დრო დადგა. ევროკავშირმა უნდა მიაღწიოს ძალადობის დამოუკიდებელ გამოძიებას ევროპის საბჭოს და გაეროს ექსპერტების მიერ, რომლებმაც უნდა შეისწავლონ ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და სასტიკი მოპყრობის და წამების მზარდი მტკიცებულებები.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხში და სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მთავრობის თანამდებობის პირებს და დიპლომატებს.

ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების პარალელურად ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიერ დემოკრატიის დაცვის მხარდაჭერა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში