პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელის მიერ, ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე განხორციელებულ ავიაიერიშს, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით ადამიანი კი დაშავდა.
„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაიერიში ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე, ნუსეირატის იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე შენობაზე განხორციელდა, რომელსაც ათასობით ადამიანი აფარებდა თავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშის მიზანი სკოლის შენობის ერთ-ერთი ოთახი იყო, რომლითაც „ჰამასის“ პოლიცია სარგებლობდა.
ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავიაიერიშის შედეგებს იკვლევენ.