ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ბრძანებით გაერთიანების თაღით ცნობილი ძეგლის დემონტაჟი მოხდა, რომელიც სამხრეთ კორეასთან შერიგების მიზნის სიმბოლო იყო. გასულ კვირას კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეას ქვეყნის მთავარი მტერი უწოდა და განაცხადა, რომ გაერთიანება აღარ არის შესაძლებელი.
ფხენიანის სატელიტურ სურათებზე თაღის ფორმის მონუმენტი, რომელიც 2000 წელს კორეაშორისი სამიტის შემდეგ დასრულდა, აღარ ჩანს. ძეგლი, რომელიც არაოფიციალურად არის ცნობილი როგორც გაერთიანების თაღი დანგრეულია.
15 იანვარს უმაღლეს სახალხო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კიმმა ძეგლს თვალში ჩხირი უწოდა და კონსტიტუციაში შესწორების შეტანით სამხრეთ კორეა ფხენიანის მთავარ მტრად გამოაცხადა.
კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაცია ჩრდილოეთის მიერ იარაღის გამოცდის საპასუხოდ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროების ერთობლივ მანევრებს მოჰყვა.