ლეგენდების მატჩი ბათუმში

18 დეკემბერი 2023, 12:40 857 ნახვა

მარტში, სანამ ეროვნულ ნაკრებს ევროს პლეი ოფი მოუწევს, საქართველოს ნაკრების ლეგენდების გუნდი მილანის ინტერის ლეგენდებს ბათუმში უმასპინძლებს.

ეს არ იქნება ერთჯერადი პროექტი, Sports Orient-თან პარტნიორობით, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ჩამოსვლა და ქართული ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავებთან თამაშები საქართველოში ტრადიციად უნდა ჩამოყალიბდეს, ინტერის ლეგენდების ჩამოსვლა მხოლოდ დასაწყისია.

GEO11-ის შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებენ, მისი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, გამორჩეული მებრძოლი და ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. 

მილანური გუნდის ლეგენდების გუნდში ითამაშებს ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, ამ კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი და არგენტელი ესტებან კამბიასო, ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს ტრებლის მომგები გუნდიდან. 

საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მოუთმენლად ელის მოედანზე დაბრუნებას და ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი მატჩის ჩატარებას.

შოთა არველაძე (GEO11):  "ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავი ღონისძიების ნაწილი ვიქნები და კიდევ ერთხელ ვითამაშებ ნაკრების მაისურით, ამჯერად შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, სადაც არაერთმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა ითამაშა. ჩვენთვის პატივია მილანის ინტერთან დაპირისპირება და ვეცდებით, შესანიშნავ ფეხბურთელებს ღირსეული თამაში დავუპირისპიროთ. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით გულშემატკივარი, ნებისმიერი სპორტის მოყვარული და ყოფილი ფეხბურთელი ძალიან გაიხარებს. შევხვდებით მარტში!"

თემურ ქეცბაია (GEO11): “ჩამოვა ლუიშ ფიგუ, რომელსაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული, ჩამოვა გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული - ასეთი თამაში და ასეთი ფეხბურთელების ჩამოსვლა საქართველოსთვის, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.”

ესტებან კამბიასო (Inter Forever): “ეს საფეხბურთო ზეიმი განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ადრე,სათამაშო კარიერის დროს ვაკეთებდით. ინტერში ბევრი წელი გვაქვს გატარებული და გვესმის, რას ნიშნავს, წარმოადგენდე ამ კლუბს. იმედი მაქვს, რომ თამაშს სათანადო ფორმაში შევხვდებით, რათა კარგი სანახაობა ვაჩვენოთ როგორც სტადიონზე შეკრებილ მაყურებლებს, ასევე მათ, ვინც ტელევიზიის საშუალებით გვიყურებს. მთავარი მაინც ის იქნება, რომ ამ თამაშით ყველამ სიამოვნება მივიღოთ.”

ოთო მუმლაძე (Sports Orient-ის დამფუძნებელი): “ჩემთვის, როგორც ორგანიზატორისთვის, ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი მთავარი, რასაც გამოვარჩევ, იმ ფეხბურთელების ერთად შეკრებაა, ვინც სხვადასხვა დროს ქართველ გულშემატკივარს არაერთი სიხარული მიანიჭა. მიუხედავად იმისა, როგორია მათი დღევანდელი სტატუსი თუ საქმიანობა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთის ძალით, ყველა ის დამსახურებული ფეხბურთელი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულიყო და მიხარია, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში ეს პირველად მოხდება.

გარდა ამ გზავნილისა, Legend Serie-ის მატჩებს ძალიან მკაფიო მიზანი აქვს - ქართულ საფეხბურთო სტადიონებზე და ქალაქებში უნდა შეიქმნას საზეიმო განწყობა, დამკვიდრდეს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სტადიონზე სიარულის კულტურა და რა თქმა უნდა, ამ მატჩებმა საქართველოს, როგორც ქვეყანას პოპულარიზაცია უნდა გაუწიოს. მინდა, მადლობა ვუთხრა მატჩის სპონსორებს და პარტნიორებს, რომლებიც არცთუ მარტივ პროექტში გამოგვყვნენ, ამ კუთხით განსაკუთრებით europebet-ისა და europop-ის მხარდაჭერას გამოვყოფ, მათ ძალიან სწორად გაიაზრეს მატჩის და ზოგადად ამ წამოწყების მნიშვნელობა."

ლევან კობიაშვილი (GEO11, სფფ-ს პრეზიდენტი): “მიხარია, რომ საქართველოს სხვადასხვა დროის ნაკრების ფეხბურთელებს საშუალება გვეძლევა, კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ჩვენი ქვეყნის სახელით. დარწმუნებული ვარ, ინტერის ლეგენდარულ შემადგენლობასთან დასამახსოვრებელი მატჩი გველოდება და მჯერა, რომ გულშემატკივარი კარგ საფეხბურთო სანახაობას იხილავს.”

მატჩის ზუსტი თარიღისა და ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორამცია 2024 წლის იანვრიდან გავრცელდება. გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ბილეთები მაქსიმალურად შეღავათიან ფასში შეიძინოს, ისარგებლოს სპეციალური შეთავაზებებით და გახდეს დიდი ზეიმის მონაწილე.

საქართველოს ნაკრებისა და მილანის ინტერის ლეგენდების მატჩზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ბათუმის სტადიონის VIP ლაუნჯისა და Sky Box-ების ბილეთები, რომელთა რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში