დღეს საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს არგენტინის ნაკრების წინაღმდეგ ჩაატარებს. ამ შეხვედრისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა. იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა.
არგენტინამ პირველ ტურში იტალიას ბონუსით, 43:15 მოუგო და ცე ჯგუფს ხუთი ქულით ლიდერობს, სამხრეთ აფრიკას ოთხი ქულა აქვს, საქართველო და იტალია კი ჯერჯერობით უქულოდ არიან.
საქართველოსა და არგენტინის მატჩი სტელენბოშში 18:30 საათზე დაიწყება.