სირიის ჩრდილოეთ ალეპოს პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად ერთი რუსი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას სირიის ომის მონიტორინგის ჯგუფი და ქურთების სპეცსამსახურებიდან წყარო ავრცელებს. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ, რომელიც სირიაში კონფლიქტის მონიტორინგს ახდენს, განაცხადა, რომ რუსი სამხედროების ავტოკოლონას თურქულმა ძალებმა დაარტყა.
ადგილობრივი ტელეარხით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაშავებული რუსი სამხედროები, რომლებიც რუსული ვერტმფრენისკენ საკაცით მიჰყავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი სირიის კონფლიქტში 2015 წელს საჰაერო ძალების, მრჩევლების, ასევე სამხედრო პოლიციის გამოყენებით ჩაერთო და ცდილობდა პრეზიდენტ ბაშარ ასადს დახმარებოდა მეამბოხეების მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებაში, რომლებსაც ზურგს თურქეთი უმაგრებს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ალეპოს ჩრდილოეთში პოზიციებისა და რუსული ჯავშანმანქანის დაბომბვის შესახებ.