86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. ბოლო წლებში ის ლეიკემიით იყო დაავადებული.მედიამაგნატი იტალიის სამ მთავრობას ედგა სათავეში 1994-2011 წლებში. მისი პარტია ''ფორსა იტალია'' უმცროსი პარტნიორია იტალიის ამჟამინდელ მმართველ კოალიციაში.
ბერლუსკონი იყო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი, რომელიც 2017 წელს დაბრუნდა პოლიტიკაში სექსუალური ხასიათის მრავალრიცხოვანი სკანდალებისა და კორუფციაში ბრალდებების მიუხედავად. ბერლუსკონის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ყირიმის ანექსიის და რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაცივების შემდეგ ბერლუსკონი არაერთხელ გამოვიდა პუტინისა და რუსეთის მხარდაჭერით. მან საჯაროდ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ, როგორც შემოდგომაზე გამოქვეყნებული მისი პირადი საუბრის ჩანაწერიდან გახდა ცნობილი, პასუხისმგებლობის ნაწილს ნატოს ქვეყნებსა და კიევს აკისრებდა.