თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა სინან ოგანმა, რომელიც ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს უჭერს პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანს. ნაციონალისტმა სინან ოგანმა 14 მაისის არჩევნებში საპრეზიდენტო არჩევნებში 5.17 %-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.
55 წლის სინან ოგანი არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე პარტიების ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. იგი ცნობილია თავისი ანტიემიგრაციული პოზიციით თურქეთში.
პოლიტიკოსის თქმით, ერდოღანის მხარდაჭერის გადაწყვეტილება „ტერორიზმის წინააღმდეგ შეუჩერებელი ბრძოლის“ პრინციპს ეფუძნებოდა.
14 მაისის არჩევნებში ერდოღანმა 49,5%, ხოლო ქილიჩდაროღლუმ 44,9% მხარდაჭერა მიიღო. მმართველი პარტიის კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.