ბაკურიანი პირველ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. სნოუბორდითა და თხილამურებით თავისუფალი სტილით სრიალის შვიდ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 42 ქვეყნის 700-ზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს – მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებიც. მასშტაბური სპორტული ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებაზე შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტისა და სამსახურის თანამშრომლები იზრუნებენ. კონკრეტულად კი გააკონტროლებენ სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას, სპორტსმენებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შეუფერხებელ გადაადგილებას. სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას კი მოთხილამურე პატრულები დაიცავენ.