მთავარი სპორტში

26 იანვარი 2023, 19:36 656 ნახვა

ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მეკარე ლაზარე კუპატაძე კარიერას იერუსალიმის „ბეითარში“ გააგრძელებს. ისრაელის უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი ასპარეზობს, „ბეითარი“ 19 ტურის შემდეგ, 24 ქულით მეექვსე ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში გაწყვიტა. ლაზარე კუპატაძეს „საბურთალოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ლუქსემბურგის „ჟენესსა“ და ბათუმის „დინამოში“ აქვს ნათამაშები. ეროვნულ ნაკრებში ორი შეხვედრა ჩაატარა, 2021 წელს კი ბათუმის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა ორის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა. საქართველოს ნაკრების 22 წლის ფორვარდი ჩემპიონატის თერთმეტ რჩეულს შორის ლიგა ორის საიტზე გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოხვდა. მიქაუტაძემ საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის 18 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ბორდოს თავდამსხმელ ჯოშ მაჯას ჩამორჩება, რომელსაც 11 გოლი და 3 ასისტი აქვს. ლიგა 2-ში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ, მეცს 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა, 2 ქულით ჩამორჩება ზურიკო დავითაშვილის ბორდოს და 11 ქულით - ლიდერ ლე ავრს. საფრანგეთის ელიტური ლიგის საგზურს ორი საუკეთესო კლუბი იღებს.

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში „ბარსელონამ“ „ლას-პლანასი“ 7:0 დაამარცხა. ეს მატჩი უბრალოდ შედეგით არ არის გამორჩეული, რადგან ეს იყო ისტორიული მატჩი.ეს იყო “ბარსელონას“ ზედიზედ 50-ე მოგება ეროვნულ პირველობაზე, რაც მსოფლიო რეკორდია, როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა ფეხბურთში. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ფაქტორიც. ამ პერიოდის განმავლობაში „ბარსელონამ“ 247 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 5 გოლია და თავის კარში 19 გაუშვა. ეს მაჩვენებელი სრულიად განსხვავდება მამაკაცთა ფეხბურთის ყველაზე გრძელ მოგებათა სერიისგან, სადაც რეკორდი უნგრულ „ფერენცვაროშს“ ეკუთვნის და ეს მაჩვენებელი 32 მოგებაა. ბარსელონას ეს რეკორდი ესპანეთის ჩემპიონატს მოიცავს და სათავეს 2021 წლის 1 ივნისიდან იღებს, როცა გუნდმა მადრიდს „ატლეტიკოსთან“ წააგო. წაუგებელი სერია კი ქალებს შორის 80 მატჩიანია რომელიც „ლიონს“ ეკუთვნის, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატს მოიცავს. კაცებში კი სტიაუს 106 მატჩიანი სერიაა.

ესპანეთის კოპა დელ რეის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბარსელონამ რეალ სოსიედადს უმასპინძლა და კატალონიელებმა მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს, ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე ოსმან დემბელემ გაიტანა. მეორე მატჩი კი ოსასუნას და სევილიას შორის იყო, მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ოსასუნა 71 წუთზე ჩიმი ავილას გოლით დაწინაურდა, მატჩის ბოლო წუთამდე თავს კარგად იცავდა, მხოლოდ მიწურულს 94-ე წუთზე ენ ნესირიმ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ამის შემდეგ მატჩი დამატებით დროში გადავიდა და 99-ე წუთზე ოსასუნას ფორვარდმა ეზალზულიმ საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოსასუნამ წინა მატჩიც ბეტისის წინააღმდეგ დამატებით დროში გადაიყვანა და იქ პენალტების სერიაში მოახერხა მერვედფინალური ეტაპის გადალახვა. დღეს 23 საათზე გაიმართება მესამე მეოთხედფინალური მატჩი, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვალენსია ატლეტიკ ბილბაოს დაუპირისპირდება და დიდი ალბათობით „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ხოლო რიგით ბოლო მეოთხედფინალური მატჩი რეალ მადრიდსა და ატლეტიკო მადრიდს შორის გაიმართება, რომელიც ღამის 12 საათზე დაიწყება.

დღეს ბათუმელ კალათბურთელებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და კალათბურთის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ონიანი ესტუმრნენ, რომლებმაც საკალათბურთო აკადემია „ბასკო-2019“-ს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს. პროექტი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის - „ფიბას“ ახალგაზრდული განვითარების ფონდის ინიციატივით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ერთად ხორციელდება და ის მიზნად საქართველოს რეგიონებში კალათბურთის პოპულარიზაციას და განვითარებას ისახავს მიზნად.

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის ვარსკვლავმა დამიან ლილარდმა იუტა ჯაზთან მოგებულ მატჩში, რომელიც 134-124 დამთავრდა, 60 ქულა ჩააგდო და მხოლოდ 1 ტყორცნა დააკლდა, რათა პირადი რეკორდი გაეუმჯობესებინა.ლილარდმა თამაშიდან 29-დან 21 სროლა გამოიყენა, საიდანაც 9 სამქულიანი იყო და 10-დან 9 საჯარიმოც მიაყოლა. მას ამასთან 7 მოხსნა და 3 ჩაჭრაც ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ NBA-ს მიმდინარე სეზონში ლილარდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კლივლენდ კავალიერსის ვარსკვლავს დონოვან მიტჩელს ჰქონია, რომელმაც ჩიკაგო ბულსს 71 ქულა ჩაუგდო. ასევე ლილარდის მსგავსად 60 ქულა წლევანდელ სეზონში ლუკა დონჩიჩსაც აქვს ჩაგდებული, რომელიც ნიუ იორკ ნიკსთან მატჩში მოხდა.

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე იასპარეზებს. ბოლივიასთან საპლეიოფო შეხვედრაში საქართველოს ღირსებას საბა ფურცელაძე, ალექსანდრე მეტრეველი, ზურა ტყემალაძე და ალექსანდრე ბაკში დაიცავენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ ჯერობით უცნობია თუ რატომ არ ითამაშებს ნიკა დევისის თასზე, რომელსაც ასევე შარშანაც არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნულ ტურნირზე. ბოლოვიასთან დაგეგმილი დაპირისპირება 2-3 თებერვალს პოლონეთის ქალაქ ლეშნოში ჩატარდება. ბოლივიელების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები აშკარა ფავორიტია, მხოლოდ ერთი ჩოგბურთელია მათ რიგებში ეიტიპი რეიტინგის, ხუან კარლოს პრადო ანხელო, რომელიც 779-ეა, დანარჩენი სამი ჩოგბურთელი კლასიფიკაციაშიც არ არის. შარშან ამავე ტურნირზე საქართველოს ზუსტად ამ შემადგენლობას მონტენეგროს ქალაქ ულცინში წარმატებული გამოსვლა ჰქონდა, სადაც ყველა თამაში მოიგეს. ჯგუფში სომხეთთან,ლიხტენშტაინთან და კვიპროსთან 3:0 ანგარიშით. ხოლო პირველი ადგილისთვის შეხვედრაში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხეს.

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგის ფინალისტები ცნობილია. ერთმანეთს რიბაკინა და საბალენკა დაუპირისპირდებიან. ორივე ჩოგბურთელმა თავის ნახევარფინალურ შეხვედრებში 2 სეტში მოახერხეს მატჩის დასრულება. რიბაკინამ აზარენკას ორ სეტში 7:6, 6:2 მოუგო, თავის მხრივ მეორე ფინალისტმა საბალენკამ ლინეტი, ასევე პირველ სეტში ტაიბრეიკზე 7:6 მეორე კი 6:3 მოიგო. ფინალური შეხვედრა 28 იანვარს საქართველოს დროით 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. კაცთა თანრიგის ნახევარფინალური მატჩები კი ხვალ ჩატარდება, პირველი სტარტს აიღებს ხაჩანოვის და ციციპასის შეხვედრა, რომელიც დილის რვის ნახევარზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალური მატჩი ჯოკოვიჩსა და ტომი პოლს შორის იქნება, რომელიც პირველი ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მალევე 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში