ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა 30 სექტემბერს გამოაცხადოს. 3 დღეში იგეგმება რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტის ორივე პალატის წინაშე.
ამჟამად, უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ტარდება, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს.
რუსული პრესა წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება ახალი „ოლქის“ შექმნას გეგმავს, სადაც შევლენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული.
ამ „ოლქში“ რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულად შესაძლოა, ყოფილი ვიცე-პრემიერი „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი დაინიშნოს.
უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. „რეფერენდუმებს“ უკანონოდ მიიჩნევენ და მათ შედეგებს არ აღიარებენ.